ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალები, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჯამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.